NOTICE
All files on this site have been moved to http://www.wikilivres.ca. All future contributions to Wikilivres should be made there.
This site will be closed on June 6th, 2012.
აფხაზეთის წვიმა მიყვარს …
Free texts and images.
| აფხაზეთის წვიმა მიყვარს … written by გალაკტიონ ტაბიძე |
აფხაზეთის წვიმა მიყვარს,
იცი რად?
მგოსნის ხმა აქვს, როს ფოთლებზე
ხმაურობს.
ჟღერს მაისის მწვანე ჩანგი
და წკირად
მასზე ზვირთი დადის და
მოგზაურობს.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
წვიმა მოდის, კოკის პირით
იღვრება,
ხმა შრიალებს დაფნისა და
ლიანის,
და ღრუბლიდან ეშხით
გადმოიხრება
მოგონება სიყვარულის
მზიანის.
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა
მაჭარი.
ის ხმაურობს, ის განიცდის
თავის დროს,
გამოვიდეს რომელიმე
ვაჭარი
და ამ წვიმის პოეზია
უარყოს!
მიიმღერა, მოიმღერა
აქ ხვითომ...
აფხაზეთის წვიმა მიყვარს
ამიტომ...
| This work is in the public domain in countries where the copyright term is the author's life plus 50 years or less, but may still be copyrighted in the USA and some countries in Europe. It is the responsibility of the user to determine whether the works are in the public domain in his or her respective country. |